აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დღის ბოლოს ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
„ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში“
ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს „ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში,“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, როდესაც „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები.“
„ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ის შეთანხმებები, რომლებსაც [სომხეთთან] ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ, ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს.
ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველო მიესალმება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს.“
„ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები.
„მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
მანვე აღნიშნა, რომ „საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო.“
ენერგეტიკა
„ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის “შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.
ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის.
საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის.
ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას.
ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევთან ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის, აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
ალიევის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის როლს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ამასთან, ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნეს მათი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა.
ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ასევე, პირისპირ საუბრისას „ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.“
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისს დღეს ეწვია.