გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვა.
ხსენებული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.
„სინანული რომ ახალგაზრდა ადამიანი გიგა ავალიანი არასრუწლოვანი ბრალდებულების ქმედებით დაიღუპა, არ არის… ერთი სიტყვა მომხდართან დაკავშირებით არ მომისმენია, სინანული არის იმაზე, რომ ციხეში არიან და არა იმაზე, რაც მოხდა. მობილური ტელეფონით გადაიღეს, სასწრაფოში არ დაურეკავთ ამ ტელეფონით, მიზანი იყო ადამიანი რომელიც დააზიანეს, გადაეღოთ…
ყოველივე ეს სისასტიკეზე მიუთითებს და არანაირი სინანული ქმედების დროს, სასამართლოს განმავლობაში და დასკვნით სიტყვაში არ მოგვისმენია…
მოვისმინეთ ბევრი შეურაცხმყოფელი დაზარალებულის ოჯახის მიმართ…მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს დაზარალებულის ოჯახის წევრებს თვალებს უქაჩავენ და ასეთ ქმედებებს ჰქონდა ადგილი...
სასჯელი, რომელსაც გამოვაცხადებ, იქნება დამაფიქრებელი ყველა იმ მერყევი ელემენტისთვის, რომელსაც აგრესია ნორმად მიაჩნია. მოკვდინება მხოლოდ ფიზიკურად არ ხდება, სიტყვითაც ხდება და იმედია, ამას გაითვალისწინებენ სოციალურ ქსელში თუ სხვაგან,“ - განაცხადა რომეო ტყეშელაშვილმა სხდომაზე.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი, 6 წელსა და 9 თვეს.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთი მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
სასჯელის განსაზღვრის სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქაოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების“ სისტემაში.
ავალიანის დედა ამ განაჩენით კმაყოფილია.
„მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა დღეს ჩემი მდგომარეობა თავის ბოლო ნაწილში... ველოდები სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები... ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე...
გიგას წაართვეს სხეული, ნიკას [მეორე შვილს] წაართვეს სული და ჩააყოლეს სამარეში - მე ორ შვილს ვტიროდი. მე უნდა მებრძოლა ჩემი შვილის ღირსებისთვის. მადლობა რომეო ტყეშელაშვილს!“ - თქვა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. დემეტრე ჩიქოვანს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ "დიდი დიღმის" ეპიზოდზეც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.