უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტ ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში რეგისტრირებულია დაახლოებით 7.5 მილიონი ამომრჩეველი. 


ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით, საღამოს 6:30 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნებში მონაწილეობა რეკორდულმა რაოდენობამ, ამომრჩეველთა თითქმის 78%-მა მიიღო.


არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა.


არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.


პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ გუშინ ღამით წინასაარჩევნო მიტინგები გამართეს. ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერ პეტერ მადიარის განცხადებით, 12 აპრილს მილიონობით ადამიანი დაადასტურებს, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში იყო, არის და ყოველთვის იქნება.


მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ საიდუმლო აგენტების შესახებ ფაილებს გახსნის და რუსეთის გავლენას გამოიძიებს, ასევე გამოძიება ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრე სიიარტოსთან დაკავშირებითაც.


ბუდაპეშტში „ფიდესის“ წინასაარჩევნო მიტინგზე პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ყველას გააკვირვებს.

ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.


62 წლის ორბანი 2010 წლიდან მოყოლებული არის ხელისუფლების სათავეში. წლევანდელ არჩევნებში 45 წლის მადიარის სახით პირველად გამოჩნდა ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების უნარი შესწევს. სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. 


ცნობისთვის, ორბანი დონალდ ტრამპის მოკავშირეა. მას კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს. უნგრეთი უკრაინისადმი დახმარების დაბლოკვას ემხრობა, ევროკავშირი მას უნგრეთის დემოკრატიის შელახვაში ადანაშაულებს.