ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით „ფულის გათეთრებაში.“ მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო.


გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ვასილ მხეიძეს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნები.


ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა -  4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და ერთი წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.


ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.


ხსენებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას. 


ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.