რუსეთი 9 მაისის აღლუმს სამხედრო ტექნიკის გარეშე გამართავს

მრავალი წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სახმელეთო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.


9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოვა.


თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას „არსებული ოპერატიული სიტუაციის“ გამო არ მიიღებს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის საჰაერო ნაწილი ჩატარდება.


„აღლუმის საჰაერო ნაწილის დროს, რუსული პილოტაჟის ავიაჯგუფების თვითმფრინავები წითელ მოედანზე იფრენენ, ხოლო აღლუმის დასასრულს, „სუ-25“ თავდასხმის თვითმფრინავების პილოტები მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში შეღებავენ, “ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


BBC წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა რუსეთის სამხედრო ტექნიკა 9 მაისს, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე არ იქნება.