უკრაინა: რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულით დატვირთულ გემს ისრაელში არ მიიღებენ

უკრაინის განცხადებით, რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემი ისრაელში არ გადმოიტვირთება. მანამდე,  კიევმა ისრაელს ტვირთის ჩამორთმევა მოსთხოვა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ გემმა „პანორმიტისმა“ ისრაელის ტერიტორიული წყლები დატოვა და ნეიტრალურ წყლებში გადავიდა.


უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მის მიერ მიღებული პროცესუალური ზომებისა და ისრაელისთვის შესაბამისი მასალების გაგზავნის შედეგად, ჩაიშალა რუსეთის მცდელობა, მოეხდინა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გატანილი ხორბლის ლეგალიზება.


პროკურატურის განცხადებით, ნეიტრალურ წყლებში გემის შესვლა არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი წარმოების შეწყვეტას და პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ამ საქმესთან კავშირის მქონე პირებს.


„საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, ისრაელის კომპეტენტურმა ორგანოებმა მოთხოვნის დამუშავება დაიწყეს,“ - განაცხადა კრავჩენკომ.


ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს გვიან ღამით წარდგენილი იურიდიული დახმარების მოთხოვნა „შეიცავდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ ხარვეზებს და არ მოიცავდა რაიმე დამადასტურებელ მტკიცებულებას.“


სამინისტროს თქმით, მას აცნობეს, რომ გემმა, რომელიც მომავალ კვირას პორტში უნდა შესულიყო, ისრაელის ტერიტორიული წყლების დატოვება გადაწყვიტა.

Reuters-ი წერს, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მენეჯერი კომენტარისთვის მიუწვდომელია.


„ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა სუბიექტსა და ერს, რომ ჩვენი მარცვლეულის ნებისმიერ ქურდობაზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ამ კვირის დასაწყისში.


„მისასალმებელია, რომ PANORMITIS, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეული უკანონოდ გადააქვს, ისრაელში ტვირთს არ გადატვირთავს. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტიანი იყო. ასევე, ეს მკაფიო სიგნალია ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, სადაზღვევო ორგანოსა და მთავრობისთვის: არ შეიძინოთ მოპარული უკრაინული მარცვლეული. ამ დანაშაულის ნაწილი არ გახდეთ,“ - წერს თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა X-ზე.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 აპრილს გამოძახებული იყო ისრაელის ელჩი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს „რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლით უკანონო ვაჭრობის გამო.“ მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ჰქონდათ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი თქვა უკრაინა-ისრაელის დავის კომენტირებაზე. 


ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „პანორმიტისის“ ბორტზე ხორბლისა და ქერის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ისრაელელმა იმპორტიორმა მიიღო და არა მთავრობის წარმომადგენელმა.


უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპირების შემდეგ, უკრაინამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა ამ ტერიტორიებიდან წაღებული ხორბლითა და სხვა პროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობაში. მოსკოვმა კომენტარი არ გააკეთა იმ რეგიონებში მოპოვებული მარცვლეულის იურიდიულ სტატუსზე, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინული.