ავსტრიამ ჯაშუშობის ბრალდებით სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
Reuters-ის ცნობით, დიპლომატიური შენობების სახურავებზე განთავსებული დიდი რაოდენობით სატელიტური ანტენების გამო, რომლებიც შესაძლოა, ჯაშუშობისთვის გამოიყენონ, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობების სატელიტური კომუნიკაციების მოსმენის მიზნებისთვის, ავსტრიამ სამი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.
„მიუღებელია, რომ დიპლომატიური იმუნიტეტის ჯაშუშობისთვის გამოყენება მოხდეს,“ - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რეისინგერმა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ვენაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამას „მკაცრი რეაქცია“ მოჰყვება.
ავსტრიის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.