„აუცილებელია TAP-ის პროექტის გაფართოება“ - სომხეთის შემდეგ, მელონი აზერბაიჯანში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის. ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია 2013 წლის შემდეგ.

მელონი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან.


„დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ჯორჯია მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა გამოთქვა.


„დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.


იტალია აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მათ შორის ვაჭრობის მოცულობამ 2025 წელს დაახლოებით 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ორ ქვეყანას მჭიდრო კავშრები აქვს ენერგეტიკის სფეროში - იტალიის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 16% აზერბაიჯანიდან არის იმპორტირებული. 


„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ - წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მელონის თქმით, ენერგეტიკა კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ევროპის საბჭოს დონეზე, ასევე, ორმხრივ კონტაქტებში, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკასთან ერთად მნიშვნელოვანია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის საკითხები, რომლებიც ევროპის სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ავტონომიის ელემენტს წარმოადგენს. მელონიმ ასევე განაცხადა, რომ იტალია ცდილობს წვლილი შეიტანოს ამ სფეროების განვითარებაში.


გასულ წელს აზერბაიჯანმა 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 9,5 მილიარდი იტალიის ბაზარზე მოდის. დღეს ჩვენ განვიხილეთ ამ მოცულობის გაზრდის საკითხი. ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია TAP-ის [ტრანსადრიატიკის მილსადენი] პროექტის გაფართოება, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის განუყოფელი ნაწილია. ის გარკვეულწილად უკვე გაფართოვდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ალიევმა. 


aლიევმა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებიც განიხილეს.


მე კიდევ ერთხელ დავადასტურე იტალიის სრული მხარდაჭერა ნორმალიზაციის გზაზე, რაც ასახავს ისტორიულ ეტაპს შეერთებული შტატების მხრიდან იმპულსის შედეგია. მე მჯერა, რომ 2026 წელი ამ მხრივ შეიძლება, მნიშვნელოვანი გახდეს, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დინამიკური რეგიონის სრული პოტენციალი იყოს გამოყენებული,“ - აღნიშნა მელონიმ.


„ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობა. ენერგეტიკა და ტრანსპორტი ცალსახად ისეთი სფეროებია, სადაც ევროპას შეუძლია და უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ინვესტიციების მხარდაჭერა და აზერბაიჯანის უფრო ფართო ინტეგრაცია ენერგეტიკულ ქსელებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.


ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონის სამუშაო სადილზე უმასპინძლა.


მელონი ბაქოში ერევნიდან გაემგზავრა. იტალიის პრემიერი ორშაბათს, 4 მაისს ერევანში დაესწრო „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტს.


მელონი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც მიმდინარე პერიოდში სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანას ეწვია. აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ერევნიდან ბაქოში მიემგზავრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.


4 მაისს ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც განუცხადა, რომ ილჰამ ალიევს პირადად შეხვდება. ალიევი ვიდეოზარით ჩაერთო სამიტს.


მაკრონი კვლავ სომხეთშია. ორშაბათ საღამოს მან და ფაშინიანმა ერთმანეთი ღირსების მედლითა და ორდენით დააჯილდოვეს.

სამშაბათს, 5 მაისს დაგეგმილია მაკრონის ვიზიტი ქალაქ გიუმრიში, სადაც გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.

გიუმრიში მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა.