ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.  ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. 


ევროკომიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. როგორც მან აღნიშნა, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით, ვითარება შეიცვალა.


მან დღესვე, ერევანში მიმდინარე სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინიდან ირანამდე დაძაბულობა მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში ვითარება განსხვავებულია, ძველი ჭრილობები ხორცდება და ევროპას მშვიდობის ხელშეწყობა სურს.


ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თავის მხრივ, ევროპა მზად არის, ხელი შეუწყოს, მათ შორის, ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს.


„ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი, ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს. ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია, სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს,“ - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.


თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს.


„ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის,“ - წერს კოშტა სოციალურ ქსელში.


შეთანხმებას ხელი ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტის ფარგლებში მოეწერა. 


ევროპული საბჭოს ცნობით, ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში დაკავშირებადობის საკითხებზე.


სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა.


ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.