ალიევი: ზანგილანს აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის სატრანსპორტო ცენტრად ვაქცევთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ზანგილანი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის სატრანსპორტო ცენტრად იქცევა. ბაქოს შეფასებით, ზანგილანი, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს და სომხეთსა და ირანს ესაზღვრება, ორ მეზობელ ქვეყანასთან დამაკავშირებელ სასაზღვრო კარიბჭის ფუნქციას შეასრულებს. 


„ზანგილანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანში მდებარეობს. ჩვენ ზანგილანს სატრანსპორტო ცენტრად ვაქცევთ არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში - შესაძლოა, ერთ ან წელიწად-ნახევარში, ბაქოდან ზანგილანში მგზავრობა რკინიგზით იქნება შესაძლებელი. რკინიგზა გაგრძელდება და შეუერთდება „ზანგეზურის დერეფანს“, რათა დაუკავშირდეს ნახიჩევანს. მომავალ წელს რკინიგზით მიმოსვლა ხანქენდიშიც [მთიანი ყარაბაღის ცენტრი] დაიწყება. ამავდროულად, ირანის საზღვარზე ხიდის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო სასაზღვრო-საბაჟო ინფრასტრუქტურა აღბენდში ამჟამად მშენებლობის პროცესშია.


„ის სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გახსნისთვის მზად იქნება და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად იქცევა. აქ გამავალი რკინიგზა და მაგისტრალები უზარმაზარ სარგებელს მოიტანს, რადგან ამ მარშრუტებზე მოსახლეობა სამუშაო ადგილებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს უდიდეს წვლილს შეიტანს ზანგილანისა და მთლიანად აზერბაიჯანის ეკონომიკაში. 

სომხეთთან საზღვრისა და „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის შემდეგ, ზანგილანი ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი რაიონი გახდება, რომელსაც ორ მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პუნქტები აქვს. გაითვალისწინეთ ამის უდიდესი მნიშვნელობა: ის ემსახურება როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს - რომელიც ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდეგ ევროპამდეა გადაჭიმული - ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს, რომელიც ზანგილანს აღბანდის გავლით ირანთან და სპარსეთის ყურესთან, ხოლო ნახიჩევანის გავლით კვლავ ჯულფასა და სპარსეთის ყურესთან აკავშირებს. ეს გახდება საერთაშორისო ცენტრი,“ - განაცხადა ალიევმა.