დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. 

BBC-ის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა. 


გადადგომის შესახებ პირველად, მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის: „მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა - და არც მე.“


როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ სტარმერის გადადგომის ან მისი გადადგომის ვადის დადგენის მოწოდებით პარლამენტის წევრების რიცხვიც იზრდება, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერასაც უცხადებენ.

პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ 110-მა წევრმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს.


„ერთად ვიმუშაოთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება... ახლა ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ კირ სტარმერს მისი „სრული მხარდაჭერა“ აქვს და ლეიბორისტ კოლეგებს მოუწოდა, უკან დაიხიონ და „ჩაისუნთქონ“.

„ჩვენ ქვეყანა პარტიაზე წინ უნდა დავაყენოთ,“ - განაცხადა ლემიმ.


ის აღნიშნავს, რომ ვინც სტარმერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს, „უნდა თქვან, რომელი კანდიდატი იქნება უკეთესი.“

ცნობისთვის, 7 მაისს, დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა.


136 ადგილობრივ საბჭოში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნაიჯელ ფარაჯის პარტიამ — „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ 1453 ადგილი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1068 ადგილი მოიპოვა და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით, მისი მანდატების რაოდენობა 1496-ით შემცირდა.


„ლიბერალ-დემოკრატებმა“ 844 ადგილი მოიპოვეს, რაც წინა მაჩვენებელზე 155-ით მეტია. „კონსერვატორებმა“ 801 მანდატი მიიღეს და მათი მაჩვენებლები 563-ით შემცირდა. „მწვანეთა პარტიამ“ 587 მანდატი მიიღო და წინა არჩევნებთან შედარებით მათი მაჩვენებელი 411-ით გაიზარდა.