სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო.
ფაშინიანის განმარტებით, რუსეთში მისი ვიზიტისას, რუსეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობა რუსეთის ინტერესებს დააზიანებს, თუმცა კონკრეტული მაგალითი ვერავინ მოიყვანა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, არჩევნების მონაწილეები და დამკვირვებლები, მათ შორის, სომხეთის ფარგლებს გარეთ მყოფები ცდილობენ, ამ არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი მიაწერონ, მაგრამ ამ არჩევნებს არ შეიძლება, ჰქონდეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი, რადგან სომხეთი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს.
„ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს შეთქმულება, არავის წინააღმდეგ არანაირი ქმედება. ჩვენთვის ნათელია, რომ სომხეთს და მის ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ალტერნატივები. არსებობს ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ჩვენს ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა და შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, რომელი სტრატეგიაა მათთვის ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო. არ არსებობს უკმაყოფილების ან დავების მიზეზი. ჩვენ არ ჩავერთვებით დავებში,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, სომხეთმა თქვა, რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, მაგრამ არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომ თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ.
„ჩვენ ეს ნათლად განვუცხადეთ ჩვენს კოლეგებს როგორც რუსეთიდან, ასევე ევროკავშირიდან. ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმა სანქციებს გამოიწვევს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ. ევროკავშირს ეჭვი ჰქონდა, რომ ჩვენ ანტირუსულ სანქციებს გვერდს ვუვლიდით, თუმცა ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამას არ ვაკეთებთ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.