აშშ-ის ატომური ავიამზიდი კარიბის ზღვაში შევიდა

აშშ-ის სამხრეთმა სარდლობამ განაცხადა, რომ ატომური ავიამზიდი Nimitz სამხედრო ხომალდების თანხლებით, კარიბის ზღვაში შევიდა.


„USS Nimitz-მა დაამტკიცა თავისი საბრძოლო ოსტატობა მთელ მსოფლიოში, უზრუნველყო სტაბილურობა და იცავდა დემოკრატიას ტაივანის სრუტიდან არაბეთის ყურემდე,“ - ნათქვამია აშშ-ის სარდლობის მიერ X-ზე განთვსებულ პოსტში.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კასტროსა და რამდენიმე კუბელი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა, ავიამზიდის განლაგების ფონზე კი, კუბის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია გამორიცხა.


შეგახსნენებთ, ვაშინგტონმა კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს და კიდევ ხუთ პირს ბრალდებები წაუყენა.


საქმე ეხება 1996 წლის მოვლენებს, როდესაც კუბის საჰაერო ძალებმა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Brothers to the Rescue-ს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჯგუფი დააარსეს კუბელმა ემიგრანტებმა, რომლებიც ქვეყნიდან ზღვით გაქცეული კუბელების მოსაძებნად ავიაციას იყენებდნენ.


Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის მიერ რაულ კასტროს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, „კუნძულის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანიის სერიოზული ესკალაციაა.“ თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. 2026 წლის დასაწყისში ვაშინგტონმა კუბას ნავთობის ბლოკადა დაუწესა. ამ ფონზე,  რეგულარულად ითიშება ელექტროენერგია. საწვავის დეფიციტის გარდა, კუბელები საკვების და სხვა მრავალი აუცილებელი საქონლის დეფიციტსაც განიცდიან.