ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა, რაც მისი თქმით, რეგიონული კავშირისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.


ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სატრანსპორტო კავშირი მნიშვნელოვნად ფართოვდება, რაც ქვეყანას უფრო მჭიდროდ აკავშირებს მრავალ რეგიონულ ბაზართან.


„სიხარულით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის.


სომხეთს ამჟამად აქვს რკინიგზით წვდომა რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ხოლო შემდგომ ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის გავლით.


სომხეთს ასევე აქვს წვდომა ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის გავლით გამავალი რკინიგზის საშუალებით. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - წერს ფაშინიანი.


სომხეთი ნახიჩევანის გავლით თურქეთთან და აზერბაიჯანთან სარკინიგზო კავშირის დამყარებას გეგმავს.


ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სარკინიგზო კავშირების დამყარებაა მოსალოდნელი, მათ შორის, დაგეგმილია სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტების გახსნა, ასევე, სომხეთ-ირანის რკინიგზის ამოქმედება, რომელიც ნახიჩევანზე გადის. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია TRIPP პროექტის განხორციელებასთან, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ასეთი რეგიონული სატრანსპორტო ინიციატივები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.