რუსეთი კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დარტყმებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი შეიარაღებული ძალები კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამს. ამავე განცხადების მიხედვით, დარტყმები განხორციელდება უკრაინის საბრძოლო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სამეთაურო პუნქტებზეც. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურ დარტყმებს იწყებს კიევში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.


  • სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 22 მაისის ღამით სტარობელსკზე მიტანილმა იერიშმა "მოთმინების ფიალა აავსო." 

  • დარტყმას ქალაქ სტარობელსკზე, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. იერიშის შედეგად, დაინგრა პედაგოგიური კოლეჯის კორპუსები. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით, დაღუპულთა უმრავლესობა კოლეჯის სტუდენტია, მათი ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს. დაღუპულთა სიებში არასრულწლოვნები არ არიან, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია აქტიურად საუბრობს, რომ დარტყმა "ბავშვებზე" განხორციელდა. პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო დარტყმების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინოს. უკრაინის განმარტებით, სტარობელსკში იერიში რუსეთის ქვედანაყოფის, "რუბიკონის' სამეთაურო პუნქტზე განხორციელდა. 

მოსკოვი "უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს" მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი, უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებს კი მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ საბრძოლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს." 


„იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


მანამდე 24 მაისის ღამით, რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მიიტანა მასშტაბური იერიში უკრაინის დედაქალაქზე. დაინგრა ან დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 4 მოქალაქე. ეს მასირებული საჰაერო თავდასხმა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი.


23-24 მაისს მოსალოდნელი მასირებული თავდასხმისა და ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების საფრთხის შესახებ უკრაინის დაზვერვა, პრეზიდენტი ზელენსკი და აშშ-ის საელჩო იერიშის წინა დღეს აკეთებდნენ განცხადებებს.