რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მეთაურს საზღვარგარეთ დაპატიმრებული მოქალაქეების დასაცავად არმიის გამოყენება შეუძლია.
გამოცემა РБК-ს შეკითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რუსეთის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გრუზდევმა უპასუხა, რომ ამ სასამართლოს კომპეტენცია ეფუძნება რომის სტატუტს, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია არ განუხორციელებია.
2016 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რომის სტატუტის მონაწილეობა არ სურს. შესაბამისად, გრუზდევის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ ეფუძნება თავად რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებას.
კანონი სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლებრივი ან სხვა დევნის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გასცეს.