ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკური ზეწოლის კამპანია, რომელსაც „Operation Economic Fury“ ეწოდება, „ირანის რეჟიმს“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აქცევს.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში მიიღეს.
მისი განცხადებით, ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ბესენტის თქმით, ირანელი სამხედროების 40-50% ხელფასს ვერ იღებს, პოლიციის ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება, ინფლაცია 200%-ზე მეტია, ხელისუფლება მოსახლეობას საკვების ვაუჩერებს ურიგებს.
აღსანიშნავია, რომ თეირანი მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის დაწყებამდე, გაყინული ირანული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითხოვს. New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპს სურს უცხოეთში გაყინული ირანის აქტივების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების გადახედვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტით მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. Axios-ის ცნობით, ტრამპი მაღალგამდიდრებული ურანის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ფორმულირებას მოითხოვს. ამერიკულ მხარეს სურს დააკონკრეტოს, თუ როგორ და როდის მიიღებს აშშ ირანის ბირთვულ მასალას.
31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი არ მიიღებს აშშ-სთან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანელი ხალხის უფლებები დაცულია. გადაუჭრელ საკითხებს შორისაა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნის ვადები და ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.