რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთში ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია.


მოსკოვი ამ გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ „ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებს“ ასახელებს.


„რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი მოსკოვში დაიბარეს კონსულტაციებისთვის სომხეთის ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ზიანს აყენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


ერთი დღით ადრე, ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მოუწოდებეს ამ კავშირის კიდევ ერთ წევრს, სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით - რა სურს სომხეთს, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ხოლო თებერვალში ადგილობრივმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი კავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკას უფლება აქვს, აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მაგრამ ერთდროულად ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. მან მოუწოდა ერევანს, რაც შეიძლება მალე მიეღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.


ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციას განიცდის.

„ტრანსფორმაციის ამ ეტაპს დადებითად მივიჩნევ, რადგან დიახ, ამ ახალი სიტუაციის პირობებში ჩვენ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია; ამ ურთიერთობებში არანაირი ბნელი კუთხე არ დაგვიტოვებია,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
 

პირველ ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „დაბალანსებული პოზიციისთვის, მეგობრული ტონისა და რიგ საკამათო საკითხებზე მხარდაჭერისთვის.“

თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყაზახეთში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილა.

ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში, შესაფერის დროს პირადად გააგრძელებენ დისკუსიებს. 

როგორც ცნობილია, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა სამიტზე განიხილეს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები. სამიტის შემდეგ, რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, რეფერენდუმი ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე ჩაატაროს.

მოსკოვზე ეკონომიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ბოლო წლებში, სომხეთი დასავლეთთან კავშირებს აღრმავებს. 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.