რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ცოცხალი თევზის იმპორტი შეზღუდა.
„როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ ერევანმა 2 ივნისიდან რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების სერტიფიცირება უნდა შეაჩეროს, გარდა იმ ორი კომპანიის პროდუქციისა, რომლებმაც შემოწმება გაიარეს.
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს ნიშნავს, რომ თევზისა და თევზის პროდუქტების სომხეთიდან რუსეთში გაგზავნა დროებით შეიზღუდა და მხოლოდ ორი ქარხნის პროდუქცია გავა - ეს ორი ქარხანა არ დასახელებულა. მათ პროდუქციას „რუსეთში შემოიტანენ უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით,“ - განმარტებულია განცხადებაში, რომელიც "ინტერფაქსს“ მოჰყავს.
ცნობისთვის, 2026 წლის 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის შეტანა სომხეთიდან რუსეთში. მანამდე უწყებამ სომხეთიდან რუსეთში ყვავილების შეტანა აკრძალა. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“ შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან რუსეთში „ჯერმუკის“ მინერალური წყლის შეტანა და გაყიდვა.