სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებულ შეზღუდვებს მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს.
აღიარებს თუ არა სომხეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას, განსაკუთრებით ფიტოსანიტარიული კონტროლის სფეროში, ფაშინიანმა ამ შეკითხვის საპაასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა, ცალკეული კომპანიებისთვის არსებობდეს.
მთავრობა დაიწყებს დახმარების პროგრამებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული აკრძალვით დაზარალდნენ.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერების არსებობის შემთხვევაში, მთავრობა განახორციელებს სუბსიდირებისა და მხარდაჭერის პროგრამებს და დაეხმარება მწარმოებლებს, რომლებმაც ზარალი განიცადეს, ახალი ბაზრების პოვნაში.
„მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტის უსამართლო ბარიერები არსებობს, ჩვენ განვახორციელებთ დახმარებისა და სუბსიდიების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენს ეკონომიკაში წაგებული არავინ დარჩეს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მისი განმარტებით, ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც დაბრკოლებები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან და რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ექსპორტირებული საქონელი არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს.
ფაშინინიანის თქმით, სომხეთი უკვე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე.
„დღეს უკვე გვყავს რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია, რომლებიც გაემგზავრნენ. მადლიერნი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირებისთვის და უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ვარდების, ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე.
რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.
კერძოდ, ერევნის ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთმა აკრძალვა დააწესა რუსეთში ყვავილების, პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის, მარწყვის, ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამასა და ყურძნის ექსპორტზე. შეზღუდვები ასევე დაწესდა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების, ასევე, ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე. 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.