16 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადა. კერძოდ, გაერთიანებულმა სამეფომ გააფართოვა რუსული კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსულ საფინანსო კომპანიებს, Яндекс Банк-ს, Еврофинанс Моснарбанк-ს, Вайлдберрис Банк-სა და Вятич-ს, თავდაცვის ინდუსტრიულ კომპანიებს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცრებს, "ჩრდილოვანი ფლოტის" 27 ხომალდს, მათ შორის რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის გადამზიდავებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს Росгосстрах-სა და Баланс страхование-ს.
დღესვე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.