POLITICO ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ამზადებს გეგმებს, რათა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური შეღავათები მიენიჭოს ბლოკში გაწევრიანებამდე.
გამოცემის წყროების ცნობით, ეს წინადადებები კომისიის „ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ“ სწრაფვის ნაწილია - კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში უფრო ფართო წვდომის მინიჭება, რადგან ისინი რეფორმებს ახორციელებენ - მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
განხილვის პროცესში მყოფი შეღავათები მოიცავს ევროკავშირის გარკვეულ დაფინანსების პროგრამებზე წვდომას, შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივ წვდომას გაწევრიანებამდე, ზუსტი პაკეტი კი, თითოეული კანდიდატი ქვეყნის პროგრესზე იქნება მორგებული.
ამ ნაბიჯის მიზანია კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების გზაზე შენარჩუნება, მათთვის პოლიტიკურად რთული რეფორმების განხორციელების სტიმულის მიცემით, მაშინაც კი, თუ სრულ წევრობამდე წლებია დარჩენილი.
ევროკომისია შეეცდება ამ ინიციატივისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ლიდერები უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობის დაწყებას ევროპული ოქტომბრის ან დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებენ.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გეგმების თანახმად, შეღავათებზე წვდომა თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირის წესებთან და რამდენი რეფორმა განხორციელდა. POLITICO წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება ამჟამინდელი სისტემიდან, რომლის მიხედვითაც შეღავათების უმეტესობა სრულუფლებიანი წევრებისთვისაა განკუთვნილი.