ფაშინიანი: ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს შეკითხვას — არსებობს თუ არა ორგანიზაცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთიდან იმპორტზე, ისევე როგორც მისი ტერიტორიის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეეკ) სხვა ქვეყნებში სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, გაერთიანების არაერთ წევრ ქვეყანაში სულ მცირე ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს.


„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ამ განცხადებით ფაშინიანი გამოეხმაურა სომხური პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და იმ დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში სომხეთსა და EAEU-ის სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს მუშაობას კავშირის ფარგლებში და არ მიიჩნევს, რომ ურთიერთობები შეუქცევადად არის გაუარესებული.


„ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები მოიძებნება, რადგან თუ გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს - პირველ რიგში, თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის. მსურს, შეგახსენოთ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი რამდენიმე კონცეპტუალურ დებულებას ეფუძნება: მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება. თუ ეს არ არის, ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც არ არსებობს.


და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა ამ კითხვას მკაფიოდ უნდა უპასუხოს։ არსებობს იგი თუ არა. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი არსებობს და ჩვენ, როგორც მონაწილე სახელმწიფო, მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაუგებრობას. თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი იტყვის: იცით რა, მე აღარ ვარსებობ, დიახ, თუ ისინი არ არსებობენ, ჩვენ რაღა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ვართ და იქ ვმუშაობთ.


ახლა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა უნდა თქვას։ არსებობს თუ არა. თუ პირდაპირ ან მინიშნებით იტყვის, რომ არ არსებობს, აბა ჩვენ რა ვქნათ? ის, რაც ჩვენთან ხდება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რამდენიმე ქვეყანაში სულ მცირე ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს.


ჩვენ მთავრობის სხდომებზე ვსაუბრობთ დივერსიფიკაციის ამ პროცესებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეეკ-ის არაერთ ქვეყანაში ეს პროცესი ოფიციალური განცხადებების გარეშე მიმდინარეობს, რადგან იმას, რაც ხდება, ისინი შეაფასებენ როგორც რისკს, რომელიც მათ წინაშეც დგას“, - განაცხადა ფაშინიანმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმატში ნამდვილად არის განსახილველი საკითხები და იგი უახლოეს შესაძლებლობას გამოიყენებს ამ დისკუსიის დასაწყებად.


29 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე, რომელსაც ფაშინიანი არ დაესწრო, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს - რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის და ყირგიზეთის - პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, რომლითაც მოუწოდებენ სომხეთს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთების საკითხზე.


ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია.