ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ისთვის საბაჟო გადასახადს აუქმებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები გამართა.


შევხედრის შემდეგ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, დაეხმაროს სომხეთს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, რისთვისაც მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩავა.


მან უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა ევროკავშირი, დაეხმაროს სომხეთს იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთმა, რომლის გაზზეც ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული, შესაძლოა, მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი სომხეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს.


„ენერგეტიკის თემასთან დაკავშირებით თქვენ გჭირდებათ სტრატეგიული, კომპლექსური და მრავალშრიანი მიდგომა. და როგორც ვეხმარებით სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაში, რაც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, ასევე გვსურს, დაგეხმაროთ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხშიც. სწორედ ამიტომ, მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. ჩვენ მსგავს სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს გამოვიარეთ უკრაინაში, ეს გამოვიარეთ მოლდოვაში. თავად ევროკავშირსაც ჰქონია მსგავსი გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი, ამავდროულად, ახორციელებს ინვესტიციებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების გზით, რადგან პარალელურად საჭიროა ახალი მარშრუტების მშენებლობა და რეგიონული ენერგოქსელების გაძლიერება


„ეს მოიცავს 25 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი“ პროექტის ფარგლებში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სომხეთის მიერ განახლებადი ენერგიის წარმოების მოცულობების მნიშვნელოვან გაფართოებას. ეს ადგილობრივი წარმოების ენერგეტიკული რესურსია. ეს თქვენი ენერგეტიკული რესურსია, რომელსაც აქ, სომხეთში აწარმოებთ, რაც განიჭებთ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აძლიერებს ქვეყნის მედეგობას. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ შესაძლო სიტუაციაში, რომელიც თავად ძალიან კარგად ვიცით,“ - განმარტა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერევბლად და დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს გამოუყოფს.


„ვიცი, რომ სომხეთი კვლავ განიცდის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა როდესაც იზრდება, ევროკავშირი ყოველთვის დგამს საპასუხო ნაბიჯებს. პირველ რიგში, თქვენ მალე მიიღებთ დამატებით 18 მილიონ ევროს, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ,“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხური საქონელი, რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირის ბაზარზე გავა. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთიდან ექსპორტირებული გარკვეული პროდუქციის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები გაატაროს, რაც ამ საქონლის ნაწილის ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე გატანის შესაძლებლობას შექმნის.


„ჩვენ კიდევ უფრო შორს მივდივართ. წარვადგენთ წინადადებას ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის თითქმის 80 პროცენტის ლიბერალიზაციას მოახდენს.


შედეგად, ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80 პროცენტი ტარიფებისგან გათავისუფლდება. ამით ჩვენ შევძლებთ იმ პროდუქტების გადამისამართებას, რომლებიც ამჟამად კვლავ ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე და მათ გაგზავნას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. შესაბამისად, ეს ზომები ევროპის კარს გაუხსნის სომხეთის ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99 პროცენტს, რომელთა ექსპორტიც ადრე რუსეთში ხდებოდა,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე ძალიან დიდია ხანია, ქვეყნის ნომერ პირველი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების გზაზე.


ახლა, არჩევნების შემდეგ, მიმაჩნია, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა გადავტვირთოთ სომხეთის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი. წინა პერიოდში ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებოდით ამ გზას, თუმცა ამ პროცესს მუდმივად თან ახლდა დიდი პრობლემები - კოვიდი, ომი, ომისშემდგომი სიტუაცია. პრაქტიკულად, რეალურად არ მოგვცემია შესაძლებლობა, სრულად ვყოფილიყავით კონცენტრირებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგზე.


როგორც არჩევნები, ისე ეს ახალი პერიოდი და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი დონე და მასშტაბი ჩვენთვის ისტორიულ შანსს ქმნის. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი სტრატეგია. პირველი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ, არის ევროკავშირის სტანდარტებთან სრული, გულწრფელი და მთლიანი შესაბამისობა.


ეს არის პირველი სტრატეგიული ამოცანა, რომლის შესრულების შემდეგ უკვე კონკრეტულ სამოქმედო დღის წესრიგად შეიძლება იქცეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, რაც უკვე პოლიტიკური საკითხია.


მაგრამ, როგორც წარსულშიც მითქვამს, როდესაც ჩვენ სრულად და გულწრფელად შევესაბამებებით ევროკავშირის სტანდარტებს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, ეს ასევე არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც დამოკიდებულია ყველაზე სხვადასხვა ფაქტორზე.


თუ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის წევრობას, ეს იქნება უდიდესი მიღწევა, თუ რაიმე მიზეზით, ვთქვათ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაფართოვდეს, ამ შემთხვევაშიც ჩვენ მაინც დიდ მოგებაში დავრჩებით, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის კრიტერიუმებს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.


ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კეთდება არა ევროკავშირისთვის, არამედ, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, თავად სომხეთისთვის, და სწორედ ეს არის ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ისახავს.


ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც რეგიონული კომუნიკაციების გახსნას უკავშირდება.


„საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ მქონია შემთხვევა მეთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა კონფლიქტის ჩიხიდან მშვიდობის გზაჯვარედინად იქცევა. ეს ისტორიული მოვლენაა და ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის, რომელიც ამ ძალისხმევაში თანმიმდევრულად და სრულად უჭერს მხარს სომხეთს და სომეხ ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ახლაც კი, როდესაც წარსულს გადავხედავთ, წარმოუდგენელია, რა სისწრაფით განვითარდა ბოლო წლებში სომხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ურთიერთობები. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ განვითარების ეს ტემპები შენელდება, და მე ამით ძალიან მოხარული ვარ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.


„გამორიცხავს თუ არა 2013 წლის სიტუაციის განმეორებას, როდესაც სომხეთმა, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო, ერთ ღამეში გადაწყვიტა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეწყვეტა.“ ამავე პრესკონფერენციაზე ფაშინინმა მედიის ამ შეკითხვას უპასუხა.


„დიახ, გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. მით უმეტეს ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობამ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, კერძოდ - საგარეო პოლიტიკის ბალანსირებას. ამავდროულად, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ არასდროს დაგვისვამს მიზნად, არ გვაქვს და არც დავისახავთ მიზნად სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, არცერთი საერთაშორისო პარტნიორის ინტერესებს არ უგულებელვყოფთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერცერთი სხვა პარტნიორის ინტერესებს ვერ დავაყენებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებზე მაღლა, და ვფიქრობ, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ლოგიკურია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ცნობისთვის, პირველ ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.


ევროკომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მშვიდობის განმტკიცების გზები კავშირების გაფართოებისა და სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებთა მხარდაჭერის გზით და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და ენერგეტიკული პარტნიორობის საკითხები.


ევროკავშირი 200 მილიონ ევროს დახარჯავს სასაზღვრო რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დაახლოებით ორი მილიარდი ევროს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ 20 მილიონი ევრო განკუთვნილია აზერბაიჯანის და სომხეთის სასაზღვრო რაიონების თემების მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტერიტორიების განაღმვა, კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება.


ევროკავშირი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს ნახიჩევანის რკინიგზას. 2026 წელს აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა დაიწყეს პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.


ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პირველ ივლისს გამოაცხადეს, რომ 2026 წლის ბოლომდე ბაქოში ჩატარდება მინისტრთა კონფერენცია, რომელზეც კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.