დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „მაშა და დათვის“ ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა კულტურის მინისტრს წერილი მისწერა და მოუწოდა, განიხილონ, შეუძლიათ თუ არა „მაშა და დათვის“ ჩვენების შეჩერება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსული პროპაგანდის ფორმაა.


მულტფილმი, რომელიც ძირითადად რუსულ ზეპირსიტყვიერ ზღაპარზეა დაფუძნებული, YouTube-ზე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. მისი შვიდწუთიანი ეპიზოდი, „კატასტროფის რეცეპტი“, საიტზე 4.6 მილიარდჯერ მეტჯერ ნახეს.


თუმცა შოუ უკრაინის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ორგანომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკეს და მას რუსული „რბილი ძალის“ ნაწილი უწოდეს.


მას შემდეგ, რაც Netflix-მა გადაწყვიტა, შეეძინა ანიმაციური სერიალის ორი ახალი სეზონი და გაეფართოებინა მის ჩვენებაზე ლიცენზია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანულ ITV-ს ციფრულ პლატფორმა ITVX-ზეც, ბრიტანელმა კანონმებლებმა რეაგირება მოითხოვეს.


წერილს, რომელსაც ხელი მოაწერა პარლამენტის 50 დეპუტატმა ექვსი პარტიიდან, ნათქვამია, რომ მაშას ზოგიერთი გამოსვლა „პროპაგანდისტულია” და „განსაკუთრებული დახვეწილობით არ გამოირჩევა.“ კონკრეტული საჩივრები ეხება ორ ეპიზოდს: ერთში მაშა ტანკისტის ჩაფხუტით ჩანს, ხოლო მეორეში კი - ქუდით, რომელიც „ენკავედეს“ (НКВД - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ქუდს ჰგავს.

კანონმდებლების თქმით, ხსენებული სააგენტო „პასუხისმგებელი იყო ათობით მილიონი ადამიანის მასობრივ დეპორტაციაზე, სიკვდილით დასჯასა და დევნაზე.“


დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ეპიზოდები „აქტიურად უწყობს ხელს საბჭოთა სამხედრო სიმბოლოების ნორმალიზებას მცირეწლოვანი ბავშვების მსოფლიო აუდიტორიისთვის.“


წერილის ავტორები ციტირებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკრაინის ცენტრის კომენტარები, რომელთა თანახმადაც, „მაშა და დათვი“ „არამხოლოდ ანიმაციური ფილმია, არამედ, რუსული „რბილი ძალის” ინსტრუმენტია“, რომელიც „მაშას საქციელით სხვა ქვეყნების ტრადიციებს დასცინის და საბჭოთა სიმბოლოებისა და მილიტარისტული თემების ნორმალიზებას ახდენს.“


რუსული ანიმაციური სტუდია Animaccord-ი, რომელიც ანიმაციური სერიალის შემქმნელია, ყველა ბრალდებას უარყოფს. მისმა წარმომადგენელმა მელანი ბონვიჩინომ ბრალდებებს „ცრუ და ცილისმწამებლური“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას არასდროს მიუღია სახელმწიფო დაფინანსება.


კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტმა და ITV-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. 


Netflix-ზე ამ რუსულ ანიმაციურ სერიალს უკვე 11 წელია, აჩვენებენ. განცხადება არ გაუვრცელებია არც Netflix-ს.