თურქმენეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც ტრანსპორტისა და საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეთანხმებები ასევე მოიცავს სარკინიგზო დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
ამის შესახებ თურქმენეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა. კერძოდ, თურქმენეთ-საქართველოს თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო შეივსო რამდენიმე ორმხრივი დოკუმენტით, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს.
„თურქმენეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სამინისტროსა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს რკინიგზის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ,“ - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს დოკუმენტებს თურქმენეთის საზღვაო და მდინარის ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ორიენტირებულია საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე, სპეციალისტების მომზადებასა და საზღვაო განათლებაში თანამშრომლობაზე.
შეთანხმებები ხელს შეუწყობს თურქმენეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებას და მხარს დაუჭერს რეგიონული ლოგისტიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
თურქმენეთი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერებაში, მათ შორის კასპიის ზღვის რეგიონის შავ ზღვასთან და ევროპის ბაზრებთან დამაკავშირებელი მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების გზით.
„სამხრეთ კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და ხსენებული რეგიონის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედის მომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის, მაგალითად, ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე ავღანეთი შედის, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ასევე რუმინეთსაც.
ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ „ტრასეკა“ სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან.
სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა სუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში,“ – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი.
„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ, როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, – განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ის ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
ცნობისთვის, ქვეყნებმა ხელი ასევე მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც მოიცავდა თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ფინანსური კონტროლის, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სფეროებში.