რამდენად მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და გაუმკლავდეს „თალიბანს“, ეს საკითხი ექსპერტების განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე წარიმართა.
ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან აცხადებს, რომ იდეალური მზადყოფნისგან შორსაა ის მდგომარეობა, რაც დღეს ავღანეთშია, მაგრამ ოდესღაც ქვეყანამ საკუთას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.
„ამდენი წლის განმავლობაში, მეკავშირეებმა, ვგულისხმობ როგორც NATO-ს, ასევე ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებს, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ავღანეთს საკუთარი უსაფრთხოება თავად ემართა. როდესაც ISAF-ის მისია დასრულდა და აქტიური მხარდაჭერის მისიაში გადავიდა, ამის არსი ზუსტად ის იყო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თავად ავღანურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. ამისთვის საკმაოდ აქტიური წვრთნებიც ჩატარდა და დიდი რესურსიც დაიხარჯა.
რამდენად სწორად გამოიყენებს ამას ავღანეთი, ეს სერიოზული გამოწვევაა მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის, ისევე როგორც, ჩვენთვის, ყველასთვის, რადგან ნამდვილად არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან.
თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს კორნელი კაკაჩიას ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, ეჭვი ეპარება. ექსპერტს ამის თქმის საფუძველს გავრცელებული ცნობები აძლევს.
„გავრცელებული ცნობები ეჭვქვეშ აყენებს ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებს, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს. „თალიბანი“ უკვე აკონტროლებს ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს და როგორც ექსპერტები ამბობენ, სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ყრიან იარაღს და „თალიბანის“ მხარეს გადადიან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება, ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და მივიღოთ ის ვითარება, რაც იყო 20 წლის წინ, როდესაც „თალიბანი“ მართავდა ქვეყანას.
უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომ „ალ-ქაიდა“ არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ეს სერიოზული გამოწვევაა. გუშინწინ, მოსკოვში ჩავიდნენ „თალიბანის“ ლიდერები და განაცხადეს: „ჩვენი რეჟიმის მოსვლა საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთოებას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის“. ასე ამბობენ, მაგრამ რეალურად რა იქნება, ეს არის საინტერესო“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europetime-თან.
ხომ არ გაიზრდება რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება.
თენგიზ ფხალაძე: ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენა ისედაც დიდია, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობა ევრაზიული კავშირის წევრია, აქ უფრო სხვა საფრთხეა, იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთი სათანადოდ ვერ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რაზეც ვსაუბრობდით, ამან შეიძლება, სხვა ტიპის პრობლემები შექმნას, უპირველეს ყოვლისა, საუბარი მაქვს ტერორიზმის და ექსტრემიზმის გადმოდინებაზე და ეს არის სერიოზული საზრუნავი.
რუსეთის გავლენები საკმაოდ დიდია ცენტრალურ აზიაში, ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გაზარდოს და გააფართოოს. მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ავღანეთიდან შეიძლება, წამოვიდეს, ისაა, რომ თუ ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება უსაფრთხოების გამოწვევებს, ამან შეიძლება გადმოდინება გამოიწვიოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე.
რა თქმა უნდა, ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, ამაზე მუშაობდა NATO-ც და ავღანეთის ხელისუფლებაც. აქ ყველაზე მთავარი, რაც ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ პარტნიორები შეიძლება დაგეხმარონ შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პროცესის მართვა უნდა იყოს შენს ხელში. ამისთვის უნდა იყოს სახელმწიფო მზად. ეს არის ავღანეთის სახელმწიფოს დღევანდელი გამოცდა და ვნახოთ, რამდენად შეძლებს ის ამ გამოცდის ჩაბარებას.
კორნელი კაკაჩია: ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენა ისედაც დიდია, განსაკუთრებით ტაჯიკეთზე და ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი. ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყო რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში განეიტრალებულები იყვნენ. ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება.
როგორ აისახება შექმნილი ვითარება ჩვენს რეგიონზე, მით უფრო, რომ ჩვენი სატრანზიტო დერეფნები მიბმულია ცენტრალურ აზიიდან მომავალ ტვირთზე, ექსპერტები რიგ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.
თენგიზ ფხალაძე: ავღანეთი ჩართულია ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ პროექტში, რომელსაც ჰქვია „ლაპის ლაზული“ და რომელიც სწორედ ავღანეთიდან იწყება. თავისთავად ცხადია, რომ ამ პროექტის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ხელისუფლება იქნება ავღანეთში. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ქვეყანა, მაშინ „ლაპის ლაზულზე“ ლაპარაკი წარმოუდგენელი იქნება. ავღანეთის მომავალი დაკავშირებულია ამ პროექტების განვითარებასთან, რეგიონულ თანამშრომლობასთან და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერზე აისახება.
ამიტომ ვამბობ, ეს არის გამოწვევა როგორც ავღანეთისათვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ, როდესაც ვსაუბროთ ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც ჩვენთან გადის, ამის შემადგენელია ის პროექტები, რომლებშიც ავღანეთი მონაწილეობს და თუ ის იქნება იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, თავისთავად ცხადია, რომ ეს ამ დერეფნის მიზიდულობას და შესაძლებლობებს გაზრდის, მაგრამ ამისთვის თავად ავღანეთში უნდა იყოს დაცული მშვიდობა, უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა ვითარდებოდეს, როგორც ნორმალური სახელმწიფო. თავისთავად ცხადია, თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ „თალიბანთან“, ტერორისტულ თუ ნახევრად ტერორისტულ რეჟიმთან არავინ დაიწყებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
(ინფორმაციისთვის: საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებას)
„ლაპის ლაზულის“ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება.
„ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი 2018 წლის დეკემბერში გადმოკვეთა
კორნელი კაკაჩია: ჩვენს რეგიონზე საუბარი რთულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არც რუსეთისთვის არის კარგი იმიტომ, რომ თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში და რადიკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო, ამან შესაძლოა, გამოაცოცხლოს რადიკალური ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს არის გარკვეული გამოწვევა რუსეთისთვის.
თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ და გარკვეული კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს ინფორმაციის გაზიარება, რადგან მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ნარკოტრაფიკის საშიშროებას. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, თუნდაც ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით. ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე იგივე გამოწვევის წინაშე არიან.
ცნობისთვის, აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ავღანეთში, ოსტინ მილერმა თანამდებობა დატოვა. ქაბულში, მისი გაცილების ცერემონიალიც გაიმართა. მედია წერს, რომ ამ ნაბიჯით აშშ ავღანეთში 20-წლიანი ომის დასასრულს მიუახლოვდა. ეს ფაქტი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე“ მოხდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.
აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას შეცდომად მიიჩნევს. მანამდე მან Fox News-ს განუცხადა, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის და „ღრმად შეშფოთებულია“, რადგან რეგიონში აშშ-ის ყოფნის გარეშე ვაკუუმი შეიქმნება.
გარდა ამისა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ.
„ეს რთული გადაწყვეტილებაა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ე.წ. გადაუჭრელ პრობლემას (Wicked Problem). პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს ავღანეთი და მე ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა უნდა ფოკუსირდეს ორ უზარმაზარ შესაძლო შედეგზე: პირველი, ავღანეთის მთავრობის პოტენციური კოლაფსი და თალიბანის მიერ ავღანეთის კონტროლი, ცივი ომის შესაძლო განახლებით“, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. ის ასევე ხედავს საფრთხეს ტერორისტული დაჯგუფებების შესაძლო გააქტიურების, განსაკუთრებით კი, ალ-ქაიდას და „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) გამოყოფს. კლინტონის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბუშის ადმინისტაციაც ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, ისაა, რომ „თალიბანს“ არასდროს ჰქონია სურვილი, თავისი თავი „ალ-ქაიდასგან“ განცალკევებულად წარმოედგინა.
შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით.
ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება.
ამავე თემაზე: საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ
Reuters-ი: ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით, თალიბანი თურქეთს აფრთხილებს