აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

21 ივლისს, ბერლინში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს „ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ.“ ხელი ასევე მოეწერა აზერბაიჯანი-გერმანიის ბიზნეს საბჭოს შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.


დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ ორმხრივ სურვილს, გააღრმავონ ორმხრივი პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთნდობასა და სხვადასხვა სფეროში ინტერესთა თანხვედრას დაეფუძნება.


ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით, მხარეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთობლივ ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მიმართ.


მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებში ისტორიულ იმპულსს, განსაკუთრებით 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს და შემდგომში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ სამშვიდობო ნაბიჯებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას ორი ქვეყნის ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.


მხარეები ხაზს უსვამენ აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და აღნიშნავენ პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისადმი გაზრდილ ჩართულობას. ისინი ასევე ხაზს უსვამენ აზერბაიჯანი-ევროკავშირის განახლებულიპარტნიორობის პრიორიტეტების მიღების და აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის არსებული დიალოგის მექანიზმების სრულად გამოყენების მნიშვნელობას. მხარეები ასევე აფასებენ აზერბაიჯანსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მცდელობებს.


პოლიტიკური და დიპლომატიური თანამშრომლობა; ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა; უსაფრთხოება და თავდაცვა და ასე შემდეგ. ეს არის სფეროები, სადაც აზერბაიჯანი და გერმანია ურთიერთობებს აძლიერეენ.


ფრიდრიხ მერცის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.


აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ენერგიის ჭარბი რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო მეტს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. ამიტომ, როდესაც საქმე გერმანიის ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ეხება, აზერბაიჯანი ჩვენთვის, როგორც პარტნიორისთვის, საინტერესოა,“ - განაცხადა მერცმა.


მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, გერმანიამ, ბუნებრივია, ახალი მიწოდების წყაროების ძიება დაიწყო. „და აქ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ჩვენთვის საინტერესო ეკონომიკურ პერსპექტივებს ქმნის. ჩვენ ასევე ვიპოვეთ მიწოდების სხვა წყაროებიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, შესაძლებლობისთვის, რომ დღეს განვიხილოთ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების მოცულობის შემდგომი გაზრდის პერსპექტივები. ეს ასევე ჩვენი ერთობლივი შეთანხმების საგანია და განხილული იქნება აზერბაიჯანთან მომავალი მოლაპარაკებების დროს.


ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის გერმანიისთვის გაზის მიწოდება გაზარდოს.


„გასულ წელს ჩვენი გაზის ექსპორტის საერთო მოცულობამ 25 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რომლის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებში წავიდა. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი კონტრაქტი 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებაზე. შეგვიძლია ამ მოცულობის გაზრდა, მაგრამ ამისთვის რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს.


პირველ რიგში, უნდა მივიღოთ შესაბამისი მოთხოვნა. მეორე, უნდა გავაფართოოთ არსებული გაზის ინფრასტრუქტურა და, რა თქმა უნდა, გადავჭრათ ინვესტიციების საკითხი, რადგან ევროპული ბანკები ერიდებიან ასეთი პროექტების დაფინანსებას.


კარგი იქნებოდა, ევროპულ ბანკებს თავიანთი გადაწყვეტილებისთვის გადაეხედათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კრიზისი, სამწუხაროდ, ღრმავდება. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების გამო, რუსეთს ტრადიციული მომხმარებლებისთვის ნავთობპროდუქტების იმ მოცულობით ექსპორტი აღარ შეუძლია, როგორც სურს. ყველა ეს მოვლენა, თავისი არაპროგნოზირებადი შედეგებით, კვლავ გრძელდება. ამიტომ, ვფიქრობ, „მწვანე დღის წესრიგის“ გათვალისწინებით, ამ საკითხების ხელახლა გადახედვა შესაძლებელია, რათა ევროპულმა ბანკებმაც გამოყონ დაფინანსება ნავთობისა და გაზის პროექტების განვითარებისთვის, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და გაფართოებისთვის. ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანი შეძლებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში, მათ შორის გერმანიაში,“ — განაცხადა თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა.


სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს გერმანიამ აზერბაიჯანისგან 956,700 ტონა ნავთობი 502 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც მას აზერბაიჯანული ნავთობის მეხუთე უმსხვილეს მყიდველად აქცევს. 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე გერმანიამ აზერბაიჯანისგან 360,300 ტონა ნავთობი შეიძინა, რომლის ღირებულება 210,8 მილიონი დოლარი იყო. აზერბაიჯანმა გერმანიისთვის გაზის მიწოდება 2026 წელს დაიწყო 10-წლიანი კონტრაქტით, წელიწადში 1,5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობით. 


გასულ წელს აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილიც გერმანიის აზერბაიჯანში ექსპორტმა შეადგინა.