ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ბულგარეთი მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს განათავსებს

ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის რვამდე სამხედრო საწვავმზიდი (ტანკერი) თვითმფრინავის, მათი ეკიპაჟებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 250-მდე სამხედრო მოსამსახურის დროებითი განთავსება დაამტკიცა.


აშშ-ის სამხედრო ძალები 2026 წლის 24 ივლისიდან პირველ ოქტომბრამდე ბეზმერის საჰაერო ბაზაზე განთავსდებიან, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა უზრუნველყონ. შესაბამისი წინადადება ბულგარეთის მინისტრთა საბჭომ წარადგინა.


რეზოლუციას მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

პარლამენტმა ასევე პრემიერ-მინისტრს დაავალა, უზრუნველყოს აშშ-ის სამხედრო პერსონალის, თვითმფრინავების, შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აეროდრომის აღჭურვილობის განთავსებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.


პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელება ბულგარეთის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას არ საჭიროებს.


ირანის შეფასებით, სოფი „აგრესორებისა და კანონდამრღვევების თანამონაწილედ“ იქცევა. აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ (EUCOM) განაცხადა, რომ გააგრძელებს ბულგარეთთან თანამშრომლობას უსაფრთხოების, მონიტორინგისა და ნებისმიერი პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.


აშშ-მ და ირანმა გააძლიერეს დარტყმები მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ხელმოწერილი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა.