მოსკოვის საავიაციო კვანძის არეალში ფრენის სიმაღლე შეიზღუდა, ტრანზიტული ფრენები აიკრძალა

მოსკოვის საავიაციო კვანძის (რომელიც აერთიანებს „შერემეტიევოს“, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებს) არეალში ტრანზიტული ფრენები აკრძალულია და სამოქალაქო ავიაციისთვის დასაშვები მაქსიმალური სიმაღლე მნიშვნელოვნად შემცირდა. „როსავიაციამ“ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორებისთვის მოსკოვის საავიაციო ჰაბის (MAH) ტერიტორიაზე ფრენებთან დაკავშირებით შეტყობინება (NOTAM) გამოაქვეყნა. 


„12 აგვისტოს, 02:59 საათამდე, მის საზღვრებში ფრენები შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ 160-ე ფრენის დონეზე (დაახლოებით 4900 მეტრი) დაბალ სიმაღლეზე.


ოფიციალური ცნობით, ხსენებული ზომები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა მიღებული.


„ძალაში რჩება 20 ივნისს შემოღებული დროებითი რეჟიმი, რომელიც ცენტრალური რუსეთის რიგ რეგიონებში მსუბუქი და ულტრამსუბუქი თვითმფრინავების და სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს ზღუდავს მიწიდან 5200 მეტრამდე სიმაღლეზე,“ - აღნიშნა სააგენტომ.


„კომერსანტის“ წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეზღუდვების დაწესება უკრაინული დრონებით თავდასხმების ზრდის საპასუხოდ მოითხოვა.


როგორც Meduza წერს, ტრანზიტული ფრენების აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მოძრაობას მოსკოვის აეროპორტების ზონაში. დაბალი სიმაღლე გაზრდის საწვავის მოხმარებას და მარშრუტის ფრენის დროს 5-15 წუთს დაამატებს. ტრანზიტის შემოვლითი დროის ხანგრძლივობა სულ მცირე 20-30 წუთით გაიზრდება.