NATO-მ €27 მილიარდის ღირებულების მილსადენის სისტემის პროექტი დაამტკიცა

NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ელჩებმა ოთხშაბათს, 22 ივლისს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ქსელის განახლებისა და გაფართოების გიგანტურ პროექტს.


განახლება შეეხება დაახლოებით 10 000-კილომეტრიან მილსადენების ქსელს, რომელიც ცივი ომის პერიოდში აშენდა. პროექტი დასავლეთ ევროპის არსებულ სისტემას NATO-ს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგების ინფრასტრუქტურასთან დააკავშირებს.


ალიანსის შეფასებით, ეს ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ერთობლივად დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება, რომლის განხორციელებას შესაძლოა, 30 წლამდე დასჭირდეს.


შეთანხმების მიღებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები. თურქეთი თავდაპირველად პროექტის დამტკიცებას აყოვნებდა, თუმცა საბოლოოდ ვეტოზე უარი თქვა, რის შემდეგაც კომპრომისი მიღწეულია. 


Politico-ს ცნობით, თურქეთი ცდილობდა, ხსენებული პროექტის ფარგლებში პრიორიტეტი მინიჭებოდა მის ტერიტორიაზე დაგეგმილი 21 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას და ეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულიყო, თუმცა ალიანსის გენერალური მდივნის მარკ რუტესა და ევროპაში გაერთიანებული ძალების მეთაურის ალექსუს გრინკევიჩის ზეწოლის შედეგად, ანკარამ პოზიცია შეარბილა. ამის მიუხედავად, ანკარა პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად მაინც დარჩება.


„27 მილიარდი ევროს (31 მილიარდი აშშ დოლარის) ინვესტიცია NATO-ს არსებული საწვავის შენახვისა და განაწილების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას უზრუნველყოფს,“ - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.


„პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ობიექტების, მათ შორის მილსადენების მშენებლობას ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და უზრუნველყოფს იმას, რიმ NATO-ს ძალებს ჰქონდეთ ენერგომომარაგება, რაც მათ საბრძოლო მზადყოფნისთვის სჭირდებათ,“ - აცხადებენ ალიანსში.


როგორც Politico წერს, NATO-ს ელჩებმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთთან პოტენციური ომისთვის მომზადების ნაწილია.


NATO-ს ცენტრალური ევროპის მილსადენების სისტემა 1950-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, რათა ცივი ომის დროს კონტინენტზე ალიანსის ძალები საწვავით მომარაგებულიყო.


5,300 კილომეტრიანი ქსელი ამჟამად ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებს კვეთს და საწვავის 29 საცავს ამარაგებს.