ამერიკამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაწესდა ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის საფუძველზე.


„2026 წლის 24 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ირანის, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, უცხოური პირები და ორგანიზაციები სანქცირებულთა სიაში შეიყვანა“, - აღნიშნულია აშშ-ის ფედერალური რეესტრის დოკუმენტში.


სიაში შედიან: 1061-ე ლოგისტიკის ცენტრი; სახმელეთო ჯარები; რაკეტებისა და არტილერიის მთავარი დირექტორატი; რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწინავე სამსახურთაშორისო კვლევებისა და სპეციალური პროექტების დირექტორატი. შეზღუდვები ასევე დაეკისრათ შპს Gideon Alpha-ს, International Invest Company-ს და რუსეთის ხუთ მოქალაქეს : ალექსანდრე პრიხოდკოს, ანდრეი გუსევს, ანდრეი კოსოლაფოვს, ვლადისლავ მოროზიკს და სერგეი ციბარევს.


სანქციები აშშ-ის ყველა ფედერალურ უწყებას უკრძალავს, შეიძინოს ნებისმიერი საქონელი, ტექნოლოგიები ან მომსახურება ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისგან. აშშ-ის უწყებებს ასევე ეკრძალებათ მათთვის რაიმე სახის მხარდაჭერა, სამხედრო პროდუქციის მიწოდება ან ლიცენზიების გაცემა. ხსენებული ზომები ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.