„ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით ასეთ რამეს უშვებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის “ოკუპაციის შესახებ კანონიც.”
„თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ჩვენ გვაქვს მათ შორის პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუკი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში,“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.
„ჩვენ ვიღებთ ზომებს საწვავის სხვა მიმართულებებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, შემოტანის მიზნით, მათ შორის საზღვაო გზით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს კოლეგებთან, თუმცა, შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა მიმწოდებელი, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, მზად არ არის საწვავის მოწოდებისთვის. ლოგისტიკური სირთულეები არსებობს, თუმცა მუშაობა არ ჩერდება,“ - ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა 10 აგვისტოს.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.