სომხეთის ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ მისამართებზე ჩხრეკა ტარდება

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი კორუფციული ხასიათის დანაშაულების საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი წარმოების ფარგლებში, ჩხრეკასა და სხვა საპროცესო მოქმედებებს ატარებს სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.


„გაცნობებთ, სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციულ კომიტეტში კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები ტარდება,“ - ნათქვამია ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებაში.


ასევე, ქვეყნის პარლამენტის ფრაქცია „სომხეთის“ წევრმა მესროპ მანუკიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა რობერტ ქოჩარიანის ვაჟის, პარლამენტის მოქმედი წევრის, „სომხეთის ალიანსის“ ლიდერის ლევონ ქოჩარიანის სახლშიც ჩაატარეს.


მოგვიანებით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ბაგრატ მიქოიანმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.


 რობერტ ქოჩარიანის და მისი ხუთი თანაგუნდელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ნებართვა სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2026 წლის 18 ივნისს გასცა.
ქოჩარიანს ბრალი დასდეს თანამდებობით ბოროტად სარგებლობასა და ფულადი სახსრების გათეთრებაში. მას კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს.


უფრო ადრე ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. აეროპორტში ის სამდღიანი „პირადი ხასიათის“ ვიზიტით აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას. მისმა შვილმა ლევონ ქოჩარიანმა მედიას განუცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანი რუსეთში მიემგზავრებოდა.