ამერიკა მეორადი სანქციების გაფართოების შესახებ აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ვაშინგტონს შეუძლია, მსოფლიოში მოქმედ კომპანიებსა და ქვეყნებს სანქციები დაუწესოს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე ახსენა D-Day, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღე. მისი თქმით, ირანის მიმართ ეკონომიკის სფეროში განხორციელებული ასეთივე მძლავრი შეტევის მიზანია ქვეყნების ბოლო ჯერზე გაფრთხილება, გაწყვიტონ ბიზნესკავშირები ირანთან — წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კომპანიებსა თუ უწყებებს ემუქრება იზოლაცია აშშ-ის დოლარზე დაფუძნებული საფინანსო სისტემისგან.
„ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ — ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან,“ - განაცხადა ბესენტმა.
მისი თქმით, შესაბამის ქვეყნებთან მოლოდინების დონეს ადგენ და ამის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა.
“ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნებთან ჩართულობის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა და ყველა ქვეყანასთან დონეს ვადგენთ, რათა მათ ჩვენი მოლოდინები გავუზიაროთ. ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან. მათ იციან ვინ არიან,” - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-მ “ირანთან დაკავშირებული საქმიანობის” სია გააფართოვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ვაშინგტონმა მომავალში სანქციები დააწესოს. აშშ ყველა ქვეყნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული საბოლოო ვადის მიცემას გეგმავს, რათა მათ თეირანთან კავშირები შეწყვიტონ.
ახალი სანქციები კი ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგია და საზღვაო გადაზიდვები.
“საბოლოო ვადებს არ დავადგენ, მაგრამ ამოუწურავი მოთმინება არ გვაქვს… უკვე ვხედავთ რაღაც შედეგებს… და მე მოველი, რომ ძალიან მალე, თუ ისინი არ გვიპასუხებენ, მაშინ თქვენ ნახავთ მათი ქმედებების შედეგებს,” - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ათწლეულებია, დაწესებული აქვს სანქციები, რომელთა უმრავლესობაც ირანისთვის ნავთობით მიღებული მოგების შეზღუდვას, ავიაციის სექტორს, კრიპტოვალუტას, იარაღის კომპონენტების შესყიდვასა და დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობდა იმ ბიზნესკომპანიებისთვის, რომლებსაც "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს.
ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო.
თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა.