სამხრეთ კორეა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კორეული კომპანიების მონაწილეობას ხელი შეუწყონ. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ხსენებული შეთანხმება აისახა სეულის დეკლარაციაში, რომელიც სამხრეთ კორეა-ცენტრალური აზიის პირველი სამიტის შედეგად მიიღეს.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაციისა და მულტიმოდალური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.
„ლიდერები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ კორეული კომპანიების მონაწილეობას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მოდერნიზაციაში, ექსპლუატაციასა და მართვაში, ასევე — ციფრალიზაციასა და „ჭკვიანი მობილობის“ სისტემების განვითარებაში,“ — ნათქვამია დეკლარაციაში.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო მარშრუტებისა და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების, ასევე — რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობას.
ცნობისთვის, 16-17 სექტემბერს სეულში, ცენტრალური აზია-კორეის რესპუბლიკის პირველი სამიტი გაიმართა. სამიტი აერთიანებს სამხრეთ კორეისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის — ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებს. სეულის განცხადებით, სამიტის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და მონაწილე ქვეყნებისთვის პრაქტიკული შედეგების უზრუნველყოფაა.