ევროკომისია შუა დერეფნისთვის €12 მილიარდის მობილიზებას გეგმავს

ევროკომისია „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.


„დღეს შემიძლია, გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო პროექტი სატრანსპორტო დაკავშირებულობის სფეროში. ის პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზართან — იმას, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ,“ — აღნიშნა ლაიენმა.


მისი თქმით, დაფინანსების მოზიდვა ინიციატივა „Global Gateway“-ის (გლობალური კარიბჭე) ფარგლებში იგეგმება: „ჩვენ განზრახული გვაქვს, მოვიზიდოთ 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიცია. ჩვენი მიზანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის მნიშვნელოვნად შემცირება 2030 წლისთვის,“ — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.


ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც რეგიონის რამდენიმე ქვეყანას გადის და აზიას ევროპასთან აკავშირებს. ის ტრადიციული „ჩრდილოეთისა“ და „სამხრეთის“ დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს.


მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და ცენტრალური აზიის ქვეყნებს გადის. შემდეგ ის კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ვიდრე ევროპამდე მიაღწევდეს. შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტი აზიის აღმოსავლეთ რეგიონებს (მათ შორის ჩინეთს) ევროპასთან აკავშირებს.