აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ახალი კომისია დაამტკიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა.


შესაბამისი განკარგულების თანახმად, კომისიას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე დაინიშნა.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია დაიწყება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან.


სომხეთსა და აზერბაიჯანს კვლავ არ აქვთ დელიმიტირებული ერთმანეთთან საზღვარი, რომელიც დაახლოებით 1000 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს. არ არის დასრულებული ამ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაცია არც საქართველოსთან. სომხეთი და საქართველო ამ პროცესის გაგრძელებაზე 2024 წლის შემოდგომაზე შეთანხმდნენ;


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადამ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის 2/3-ის დელიმიტაციაზე ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეულია. მისივე თქმით, არ არსებობს სადავო საკითხები, უბრალოდ გარკვეული საკითხები შესათანხმებელია.