ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა ჩინეთის 13 მოქალაქე დააკავა, რომლებიც „ქვეყანაში მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებოდნენ.“
Zakon.kz-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ინტერნეტთაღლითობის ფარული საერთაშორისო სქემა შექმნეს.
„მათთან აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტკავშირის მოწყობილობები, ასევე — კრიპტო საფულეებში განთავსებული მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები. ჯგუფის საქმიანობა მიმართული იყო სხვა ქვეყნების მოქალაქეების — არარეზიდენტების — წინააღმდეგ, ხოლო თავად პროცესი საზღვარგარეთიდან იმართებოდა,“ — ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.
კომიტეტის ცნობით, გამოძიება ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.
„დაკავებულთაგან ზოგიერთი მათ სამშობლოში მსგავსი დანაშაულების ჩადენისთვის იძებნება,“ — აცხადებენ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში.