„აზერბაიჯანი და თურქეთი ერთად კიდევ უფრო ძლიერები არიან“ - ალიევმა ერდოღანს უმასპინძლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბერს განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების ალიანსი მტკიცე დარჩება.


თურქეთის ლიდერი აზერბაიჯანს 8 ნოემბერს ეწვია. ბაქო სომხეთთან 2020 წლის ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავდა. თურქეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ემინეს, ილჰამ ალიევმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევმა ფუზულის რაიონში უმასპინძლეს.


„როგორც ყველამ იცით, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიის გამავლობაში მრავალ გამოცდას გაუძლეს. ჩვენი ერთობა მარადიულად იარსებებს. გულების ეს ერთობა, რომელსაც ვახასიათებთ დევიზით “ერთი ერი, ორი სახელმწიფო', არის მარადიული ჩირაღდანი, რომელიც ჩვენი საერთო წარსულიდან იღებს ძალას და ჩვენს მომავალს ანათებს,“ - განაცხადა ერდოღანმა ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, ალიევმა აღნიშნა, რომ ურყევი რჩება ალიანსი, რომელიც „ვრცელ გეოგრაფიულ არეალში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.“


„აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ვერავინ ჩადგება,“ - ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.


ალიევმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთი დიდ ძალად იქცა.


„თურქეთი მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი ძალაა. მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არამხოლოდ რეგიონულ პროცესებში, არამედ გლობალური მნიშვნელობის საკითხებშიც. თურქეთის ძლიერი ეკონომიკა, თავდაცვის მრეწველობა და სამხედრო შესაძლებლობები, ისევე როგორც მისი პოლიტიკური გავლენა, დღეს რეალობაა. ეს ძალიან გვახარებს და გვაძლიერებს,“ — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და წინსვლას განაგრძობს.


ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანულ-თურქული ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილურობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


მისი შეფასებით, ერდოანის ვიზიტი „მთელ მსოფლიოს უჩვენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ერთობას. 


„ჩემი ძვირფასი ძმის, ერდოღანის ყოფნა ყარაბაღში — მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა — მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენებს ჩვენს ერთიანობას. ეს ერთიანობა მარადიულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენ ერთად ვიდექით წარსულშიც და ომის დროსაც, ერთად ვართ დღეს და ერთად ვიქნებით მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა მარადიულად გაგრძელდება. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთად კიდევ უფრო ძლიერები არიან,“ - აღნიშნა ალიევმა.


ცნობისთვის, ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის ბოლო კვირების განმავლობაში უთანხმოება გამწვავდა.


მიზეზი ბაქოს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლებში ჰიჯაბის ტარება აიკრძალა - როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის. ბაქოს გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ირანსა და თურქეთში, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვა.


დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის ფონზე, 26 ოქტომბერს ერდოღანმა კრიტიკული შეფასების ავტორი, ოქტაი სარალი მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რითაც AP-ის ცნობით, სავარაუდოდ, ალიევის მოთხოვნა დააკმაყოფილა.


ალიევი თურქული სახელმწიფოების სამიტს არ დასწრებია და მის ნაცვლად ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ვარაუდები ოდესღაც ახლო მოკავშირეებს შორის არსებული განხეთქილების შესახებ.


მან 5 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული „ძმური კავშირი ნებისმიერ დაბრკოლებას გაუძლებს.“