თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი. მსჯავრდებული ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.
„ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე - ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა,“ - განაცხადა ელისო კილაძემ სასამართლო დარბაზში.
მისივე თქმით, ეს დადგმული სცენარი არ ეხება მის „ქოლცენტრებთან“ კავშირს, არამედ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა:
„ამ დაკვეთის ავტორი არის სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე. მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური,“ - განაცხადა კილაძემ პროცესზე.
როგორც მედია წერს, ელისო კილაძის მიერ სასამართლო დარბაზში წარმოთქმული აღნიშნული სიტყვა მედიას ადვოკატმა გაუზიარა, ვინაიდან სხდომა დახურული იყო.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.