ევროკომისიამ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 45 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა წარადგინა. თანხა ევროკავშირის ერთობლივი სესხის აღების გზით გამოიყოფა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ თანხა ორ ნაწილად გაიყოფა. აქედან 20 მილიარდი ევრო ფინანსური დახმარებისთვის, ხოლო 25 მილიარდი ევრო შეიარაღებისთვის, მათ შორის დრონების, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. სესხი 2027 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიცემა. ეს თანხა დაემატება 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რომელზეც შეთანხმება გასული წლის დეკემბერში შედგა.
თუმცა სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, უნგრეთმა და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ ამ ინიციატივაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ცდილობენ, შეინარჩუნონ გასულ წელს შეთანხმებული გამონაკლისის უფლება.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტს, თუ 27-ვე წევრი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს დამხარების ახალი პაკეტის გამოყოფას.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ამ ნაბიჯს შანტაჟი უწოდა.
შეთავაზების თანახმად, სესხის დაფარვა დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა ომთან დაკავშირებულ რეპარაციებს.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, ევროკავშირს შეუძლია, გამოიყენოს რუსეთის გაყინული აქტივები, რომელთა ღირებულება 210 მილიარდ ევროს შეადგენს.
სესხი მიზნად ისახავს 2027 წლისთვის უკრაინის ბიუჯეტში პროგნოზირებული 70 მილიარდი ევროს დეფიციტის ორი მესამედის დაფარვას, დანარჩენი ნაწილის უზრუნველყოფა კი სხვა მოკავშირეებისგან არის მოსალოდნელი. ევროკავშირის ლიდერები აღნიშნულ წინადადებას მომავალ კვირას განიხილავენ.