„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ, საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ და გადასცემენ.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
19 ნომებერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, სამი ქალი და ერთი კაცია. 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.