აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მეგობარს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად უწოდებს. დონალდ ტრამპის თქმით, საპირისპირო რიტორიკა მოლაპარაკებებში შედეგს ვერ მოიტანდა.
ამის შესახებ მან მადლიერების დღეს მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორ შეესაბამება პუტინის მეგობრად მოხსენიება მისსავე მოწოდებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ევროპის ტერიტორიებზე სამხედრო აგრესია შეწყვიტოს.
"ორივეს თქმა შეიძლება. მაგრამ, შეხედეთ, რაღაც უნდა გაიგოთ: ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვინდა, გვინდა, მკვლელობები შევაჩეროთ. შემეძლო, მეთქვა, რომ ის ჩემი მეგობარი არ არის, ან მეთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა მინდა. მაგრამ შეთანხმებას უნდა მივაღწიო. ისინი თვეში 25 ათას ადამიანს კარგავენ. შემეძლო მივსულიყავი და მეთქვა: იცი, შენ არ მომწონხარ, მაგრამ მაშინ ისეთივე პრობლემა გვექნებოდა, როგორიც ზელენსკისა და პუტინს შორისაა," – აღნიშნა ტრამპმა.
"იცით, ამ კონფლიქტის მოგვარების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ორი ლიდერი გვყავს, რომლებსაც ერთმანეთი მართლა სძულთ. ამიტომ, როდესაც მივდივარ და მასთან კარგად ვეწყობი, რადგან დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან კარგი საუბარი გამოგვდის. მთავარი კი ისაა, რომ მას შეთანხმების მიღწევა უნდა," – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრისას, ტრამპი პუტინს მიესალმა და თქვა: „ეს ვინ არის? ეს ჩემი მეგობარია.“