ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც მედიას რუსული ძალების მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგებისა და აღდგენის ვადების გაშუქებას უზღუდავს.


„უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ევალება, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა მედიაში აიკრძალოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურების შედეგებისა და აღდგენის ვადების, ასევე საწვავისა და ენერგეტიკის სექტორისა და მოსახლეობის სიცოცხლის უზრუნველყოფის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დამცავი ნაგებობების მშენებლობის ეტაპებისა და პროგრესის გაშუქება, კერძოდ, რეგიონებისა და ცალკეული ქალაქების მდგრადობის კომპლექსური გეგმებით გათვალისწინებული საკითხების,“ - ნათქვამია განკარგულებაში.


ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები მიღებულია „იმ მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, რომ აგრესორი აღნიშნული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტაქტიკის გამოყენებას გააგრძელებს.  


ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის (CES) მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 1000-ზე მეტი შეტევა განახორციელა; სამიზნეში მოექცა არამხოლოდ ელექტროსადგურები, არამედ მაღალი ძაბვის ქვესადგურები და ელექტროგადამცემი ხაზებიც. თავდასხმების ინტენსივობამ უკრაინა აიძულა, შეეჩერებინა ენერგიის ექსპორტი, მაშინ როდესაც ენერგიის იმპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.