ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, საკუთარ რეზიდენციასთან კვლავ იარაღით ხელში გამოჩნდა,– იუწყება RIA.
მათი ცნობით, ლუკაშენკოს პრესსამსახურს ჰკითხეს, სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, პასუხად კი აღნიშნული ფოტო მიიღეს. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლუკაშენკო საჯაროდ შეიარაღებული ჩნდება. რამდენიმე დღის წინ ის საკუთარ რეზიდენციაში იარაღით ხელში შევიდა.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.