ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა კატეგორიის მიმართ არ ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.
როგორც კულუმბეგოვმა Europetime-ს განუცხადა, ვაქცინაცია არ უტარდებათ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ორსულებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებზე ალერგია აქვთ.
,,ცალსახად, ვაქცინის ჩატარება არ ხდება იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში არიან მცირე ასაკის, ანუ 18 წლამდე ბავშვები, ასევე, რომლებიც არიან ორსულობის სტადიაში. მათთვის ჯერჯერობით ვაქცინა არ გამოიყენება. ასევე, ალერგიის კუთხით არსებობს ასეთი წინაღობა, ვაქცინაში არსებობს შემავალი კომპონენტები, როგორიც არის პოლიეთილენგლიკოლი და პოლისორბატი, თუ მათ მიმართ ადამიანს ანამნეზში დადგენილი ალერგია აქვს ალერგოლოგის მიერ, რადგანაც ვაქცინები ამ ნივთიერებებს შეიცავენ ასეთი პერსონებისთვის და პიროვნებებისთვის ვაქცინები არ შეიძლება.
მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის ალერგია არ ჰქონია არასოდეს და ეს ვაქცინები ორდოზიანია და პირველ დოზაზე იქნება ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა ასეთ ადამიანებს პირველი დოზის ალერგიის შემთხვევაში აღარ გაუმეორდებათ. ჯერჯერობით, მხოლოდ ესენი არიან, ვისთვისაც არ შეიძლება - ასაკობრივი ჯგუფები, ორსულები და უკვე ცნობილი ალერგია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ვაქცინაში შედის", - განაცხადა კულუმბეგოვმა.
Europetime-თან საუბარში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ასახელებს იმ გვერდით მოვლენებს, რაც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს და გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ვაქცინირებული ადამიანები ასეთ დროს.
,,რაიმე წესები ვაქცინაციის შემდგომ არ არსებობს. ვაქცინაციის შემდგომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ვაქცინაციის ადგილზე ტკივილი, შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე 2 ან 3 დღის განმავლობაში, ტემპერატურული რეაქცია საშუალოდ 10%-ს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მათ ეძლევათ რეკომენდაციები როგორ მოიქცნენ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი გამოიყენონ. მეტი რეკომენდაცია არ არსებობს", - განაცხადა იმუნოლოგმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაცია დაიწყო.