ადამიანებს სამედიცინო ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწიოთ. ამას წამყვანი ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ. ამის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა.
ინგლისის იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მერი რამსეიმ განაცხადა, რომ ძირითადი ზომები შესაძლოა, ძალაში დარჩეს, ვიდრე სხვა ქვეყნები წარმატებით არ ჩაატარებენ ვაქცინაციას.
მან ასევე განაცხადა, რომ ხალხმრავალი ღონისძიებების დაბრუნების საკითხი მოითხოვს ფრთხილ მონიტორინგს და მკაფიო მითითებებს უსაფრთხოების დაცვის შესახებ.
მერი რამსეის თქმით, შეზღუდვები, როგორიცაა სახის დაფარვა, ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანცია, ბევრმა მიიღო როგორც ეკონომიკის ფუნქციონირების შესაძლებლობა.
„ხალხი უკვე შეჩვეულია დაბალი დონის შეზღუდვებს და შეუძლია, იცხოვროს ამ შეზღუდვებთან ერთად, ხოლო ეკონომიკა კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების ფონზე. ასე რომ, ვფიქრობ, რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც წარმატებით ჩატარდება ვაქცინაცია, ისე - როგორც ჩვენთან, შეგვეძლება, თანდათან დავუბრუნდეთ უფრო ნორმალურ მდგომარეობას“, - აღნიშნავს ინგლისის იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
სპეციალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ საზღვარგარეთ დასვენების დღეების გატარება ჯერჯერობით სარისკო და ნაადრევია. დიდმა ბრიტანეთმა გუშინ, კოვიდვაქცინით აცრის (873,784) რეკორდი დაამყარა.