ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს.
როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ექსპრემიერი ,,ქართულ ოცნება 2"-ს შექმნის.
„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.
ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ეს გადადგომის შემდეგ გახარიას პირველი კომენტარია. მისი თქმით, ის სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.