„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა გააკეთებს ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”, - ამის შესახებ “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარმა ჯეიმს კარაფანომ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
მკვლევარის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების ხელშეწყობის კუთხით გაგრძელდება.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან მომავალ ადმინისტრაციას ექნება პოზიცია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დაადოს ვეტო იმას, თუ ვინ გაწევრიანდება ნატოში", - განაცხადა კარაფანომ.
მისი თქმით, შავი ზღვის აუზში, რუსეთის გავლენის მოპოვების მცდელობის კვალდაკვალ, შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება.
„ვფიქრობ, სტაბილური და წარმატებული ევროპის ამერიკისეულ ხედვაში საქართველო უფრო და უფრო რელევანტურია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”,- განაცხადა მან.
კარაფანოს განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთთან შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს ნოემბრის არჩევნევის შემდეგ
„პრეზიდენტი ტრამპი რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ვლადიმირ პუტინის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარი ღია იყო. ტრამპის მხრიდან ამ რიტორიკის მიუხედავად, ადმინისტრაცია ინარჩუნებდა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას. პრეზიდენტი ინარჩუნებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები საუბრობდა რუსეთის ჩარევაზე და ქმედებებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება. აქ პრობლემა არა შეერთებული შტატების ქცევა, ან მისი პოლიტიკაა - ან ევროპის პოლიტიკა - არამედ რუსეთის პოლიტიკაა. პუტინი არ ცვლის მის პოლიტიკას... რუსეთს არ უჩვენებია სურვილი, რომ უნდა უფრო კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება", - განაცხადა კარაფანომ.